სოციალური მედია

ძველი დროა. იტალიელმა ჯუნომ სახლის წინ შეკრებილ მეგობრებთან მიირბინა და ახალი ამბავი უთხრა, ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია, ცოტა გაიცინეს, ჯუნოს კითხვები დააყარეს, აზრები გაცვალ-გამოცვალეს და გააგრძელეს ფუსფუსი. ჯგუფში ჯუნოს საუკეთესო მეგობარი ანტონიოც იყო. საღამოს, ძილის წინ ანტონიომ ბებიას მოუყვა ჯუნოს ნათქვამი ამბავი, ბებიამ ანტონიოს დედას და მამასაც უამბო, ამბავი მოეწონათ, იხალისეს, შემდეგ კი სიზმრების თანხლებით ძილს მიეცნენ. იმ დროს ვერც ჯუნო, ვერც ანტონიო და  ვერც ვერავინ იფიქრებდა, რომ ადამიანებს შორის ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლის ამ ჩვეულებრივ მოვლენას 21 საუკუნეში სხვა სახელს დაარქმევდნენ, რომ უამრავი სტატია და ტელე-გადაცემა მიეძღვნებოდა მის შესახებ საუბარს, რომ ცნობილი მედია გიგანტები მასში კონკურენტს დაინახავდნენ და რომ 22-25 წლის რამოდენიმე ადამიანი მისი საშუალებით მილიარდობით დოლარს იშოვნიდა. მაგრამ ეს მოხდა. ეს მოხდა ინტერნეტის დამსახურებით და ამ მოვლენამ კაცობრიობა სამუდამოდ შეცვალა. ჯუნოს დააინტერესებდა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…

იტალიელი ბიჭუნას ისტორია განსაკუთრებული არაა. ადამიანთა თანაცხოვრებისას მრავალი მოვლენა ხდებოდა და მისი გაზიარების აუცილებლობაც ყოველთვის იყო. სანამ  ჩვენი წინაპრები მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ ინფორმაციის გავრცელებაც თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ხდებოდა, ჯგუფის ნებისმიერი წევრი ადვილად ახერხებდა დანარჩენებისთვის სიახლის ცნობებას, აზრების გაზიარებას. მაგრამ კაცობრიობა განვითარდა, ადამიანებმა გამოიგონეს ცნობის ფურცლები, გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რასაც ინფორმაციის თავისუფლება უფრო მასშტაბური უნდა გაეხადა. მაგრამ ესე არ მოხდა. არ მოხდა რადგან ინფორმაციას ხალხი არ ავრცელებდა, ამ ყველა საშუალებას, ყველა ეპოქაში, უკან ედგნენ მცირე, ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ცვლიდნენ და აყალბებდნენ ამბებს, ისტორიას, მოვლენებს, ფაქტებს, აყალბდნენ ყველაფერს რისი გაყალბებაც უნდოდათ და სჭირდებოდათ. ამაზე ნაპოლეონი ხუმრობდა „რა არის ისტორია თუ არა ტყუილი რომელზეც ყველანი ვთანხმდებითო“.

გახმაურებულ დოკუმენტურ ფილმ „კორპორაცია“-ში მოთხრობილია ამბავი სადაც „News Corporation“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არასასურველი სტატიის ავტორს ამაყად მიაძახებს – „ახალი ამბები არ არსებობს, ახალ ამბებს ვქმნით ჩვენ!“.

დღეს ყველაფერ ამას ადამიანები ტრადიციულ მედიას ვეძახით, მისი უზარმაზარი ძალაუფლების გამო იგი უმეტესად ბოროტების მთავარი იარაღი იყო. ამართლებდა რა ცნობილი ფრანგი პოეტის სიტყვებს „ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელს თავის მომხიბვლელობას კარგავსო“. და იყენებდნენ მას ბოროტად მეფეები, დიქტატორები, პოლიტიკოსები, უბრალო ავანტიურისტები, მოკლედ ყველა ვისაც ხალხის შეცდომაში შეყვანა თავისი პირადი მიზნებისთვის სჭირდებოდა. თავისუფლად კი ვრცელდებოდა მხოლოდ ის ინფორმაცია რომელიც არავის არ აინტერესებდა.

ასე ცხოვრობდნენ ადამიანები რამოდენიმე ათასი წელი… მაგრამ 30-40 წლის წინ, ამერიკაში, მოხდა რაღაც, რამაც ამ საათივით აწყობილი მანქანის მომავალი საფრთხის წინაშე დააყენა.

1958 წლიდან 1990 წლამდე, მრავალი მეცნიერული ცდის და შრომის შედეგად შეიქმნა ის, რაზეც ერთმა იტალიელმა დიზაინერმა სრულიად სამართლიანად თქვა „ჩვენ აღარასოდეს ვიქნებით ისეთები როგორიც აქამდე ვიყავითო“. ეს ქმნილება ინტერნეტი იყო.

ინტერნეტის შექმნას „ვებ ბუმი“ მოჰყვა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ადამიანებმა დაიწყეს პირადი საიტების, ბლოგების, მოსაზრებების, ახალი ამბების, საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომად გამოქვეყნება.

გამოჩნდნენ საიტები, რომლებიც ადამიანებს სთავაზობდნენ პირადი გვერდების მარტივად შექმნას Geocities(1994 წელი), Theglobe.com(1995), Tripod.com(1995).  2000 წლიდან პირადი დღიურები (ბლოგინგი) ინტერნეტში ინფორმაციის მიმოცვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება გახდა, დღეს ამ მომსახურების (დღიურების მარტივად შექმნის) მთავარი მომწოდებლები WordPress.com  და Blogger.com არიან. მათი საშუალებით შექმნილი ბლოგების რაოდენობა 50 მლიონზე მეტია.

პირადი ბლოგების გარდა, 1995-წლიდან დაიწყო ე.წ. „სოციალური ქსელების“ (საიტები სადაც ადამიანები თავიანთი პირადი ინფორმაციის(პროფილის) და ინტერესების მიხედვით იცნობენ და უკავშირდებიან ერთმანეთს) წარმოშობა. Classmates.com (1995 წელი), SixDegrees.com(1997), Makeoutclub(2000), Friendster(2002), mySpace(2003), Bebo(2004-2005), დღეს მათი უმრავლესობა ან დახურულია, ან დახურვის პირასაა მისული. ჩამოთვლილთაგან უკანასკნელი Bebo 2008 წელს ამერიკულმა ინტერნეტ გიგანტმა AOL-მა შეიძინა 850 მილიონ დოლარად, დღეს კი 10 მილიონადაც ვერ ყიდის. მათი გარდაცვალების მიზეზი კი 21 წლის ჰარვარდის უნივერსიტეტის ამბიციური სტუდენტი მარკ ზუკერბერგი (Mark Zuckerberg) იყო.
წინამორბედებისგან ყველაფერი ზედმეტის მოცილებით და მხოლოდ უმთავრესზე ყურადღების გამახვილებით, 2004 წელს, ახალგაზრდა მარკმა შექმნა საიტი thefacebook.com (მისამართი facebook.com შემდგომში შეიძინეს 200 ათას დოლარად) რომელიც თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი გახდა და დღეს მის გარეშე ბევრს ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია. სიმარტივის მომხიბვლელობას ადასტურებს ის რომ დღეს Facebook მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, მისი ფასი 60 მილიარდ დოლარამდეა, ჟურნალმა „თაიმს“-მა მარკ ზუკემბერგი წლის ადამიანად დაასახელა და იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია (27 წლის ასაკში მისი ქონება შეფასებულია 14 მილიარდ დოლარად).

მაგრამ რევოლუცია ამით არ დამთავრებულა. 2006 წელს ამერიკელ ჯეკ დორსის (Jack Dorsey) სურდა მისი მეგობრებისთვის შეტყობინებების გაგზავნა, ტელეფონით კი ამის გაკეთება საკმაოდ დამღლელი იყო. დაიბადა იდეა მას და მის მეგობრებს შეექმნათ საიტი რომელზეც ადამიანი განათავსებდა თავის მოკლე შეტყობინებას და ეს შეტყობინება ავტომატურად მიუვიდოდა მისი ყველა მეგობარს თუ დაინტერესებულ პირს. ასე შეიქმნა Twitter-ი, მომხმარებელთა რაოდენობით მსოფლიოში მე-9-ე საიტი, სადაც რეგისტრირებულია 200 მილიონზე მეტი ადამიანი და ყოველ დღე 70 მილიონი შეტყობინება იგზავნება. მას ხშირად ინტერნეტის “SMS”-საც უწოდებენ. Twitter-ი არის საიტი სადაც პირველად ჩდება ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, პირველი იყო Twitter-ი სადაც ირანის აქციების დარბევა გაიგეს, პირველი იყო Twitter-ი სადაც ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის ამბავი გახდა ცნობილი და ა.შ., ვერანაირი ტრადიციული მედია სააგენტო ვერ უწევს კონკურენციას თავისუფალი ინფორმაციის სისწრაფეს. ამ საიტმა ასევე საფუძველი ჩაუყარა მოკლე ჩანაწერების ფორმით ინფორმაციის მიმოცვლის სისტემას, რომელსაც დღეს მიკრობლოგინგი ჰქვია და მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია tumblr.com (სტანდარტული ბლოგებისა და twitter-ის ნაზავი).

ბეჭდურ მედია მიხვდა რომ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე და მათაც დაიწყეს თავიანთი მასალების ინტერნეტში გადატანა, სოციალ ქსელებთან ინტეგრაცია, მკითხველებთან მეტი კავშირის დამყარება, ბლოგების გახსნა და ა.შ. დღეს არცერთი ტრადიციული მედია აღარაა ისეთი როგორი ინტერნეტამდე იყო. მაგრამ აღმოჩნდა რომ სამი, საგადასახადო სისტემა PayPal-ის ყოფილი თანამშრომლის აზრით ეს დიდი ცვლილებები მხოლოდ ბეჭდური მედიით არ უნდა შემოფარგლულიყო. ერთ-ერთი მეგობრული შეკრებისას ჩად ჰარლიმ (Chad Hurley), სტივ ჩენმა (Steve Chen) და იავედ კარიმმა (Jawed Karim) გადაწყვიტეს შეექმნათ საიტი, რომლის დახმარებითაც ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებდნენ ვიდეო მასალებს. ეს მოხდა 2005 წლის 14 თებერვალს. საიტს დაარქვეს Youtube და  ზუსტად 1 წლის შემდეგ კი ის გაიყიდა 1.65 მილიარდ დოლარად. მყიდველი საძიებო გიგანტი Google-იყო. დღეს დედამიწაძე ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი რომელიც ამ საიტის მომხმარებელი არაა. Youtube -ზე არსებული ვიდეობის საერთო რაოდენობა 8 მილიარდამდეა. ყოველ 1 წუთში იტვირთება 48 საათის ხანგრძლივობის ვიდეო მასალები, ყოველ დღე კი ადამიანები უყურებენ 3 მილიარდ ვიდეოს მისი საშუალებით. Youtube არის მსოფლიოს მე-3-ე საიტი პოპულარობით და ამ მხრივ მხოლოდ Google-ს და Facebook-ს ჩამორჩება.

წამყვანმა ტელევიზიებმა BBC, CBS, FOX და სხვ., მალევე გააცნობიერეს „კონკურენტის“ სიძლიერე და ისინიც აქტიურად ჩაერთვნენ ინტერნეტ ვიდეო ქსელში. დღეს მსოფლიოში მრავალი კომერციული და არაკომერციული ვიდეო ინფორმაციის მიმოცვლის ქსელია, რომელთა ავტორები ასევე ზემოთჩამოთვლილი მედია გიგანტებიც არიან, მაგრამ ამ საქმის პიონერის Youtube-ის პოპულარობას ვერცერთი მათგანი ვერ მიუახლოვდა.

სანამ სამყაროს მოევლინებოდა mySpace, Facebook, Twitter, Youtube, სანამ ბლოგინგი ინფორმაციის მიმოცვლის მნიშნელოვანი სისტემა გახდებოდა, ფლორიდაში ცხოვრობდა ორი კაცი, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული შემეცნებითი ქსელის ავტორები გახდნენ. 2001 წელს ჯიმი უელსმა (Jimmy Wales) და ლარი სეინჯერმა (Larry Sanger) შექმნეს Wikipedia, ისტორიაში პირველი თავისუფალი ენციკლოპედია, სადაც შესწორებების და ახალი მასალების დამატება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. დღეს საიტს ყოველდღიურად ნახევარ მილიარდამდე მკითხველი სტუმრობს, მასალების საერთო რაოდენობა კი 18 მილიონია (აქედან 3.6 მილიონი ინგლისურად, დანარჩენი სხვადასხვა ენებზე). მიუხედავად იმისა, რომ  Wikipedia საკაცობრიო ცოდნის თითქმის ყველა თემაზე ამომწურავ, ენციკლოპედიურ ინფორმაციას იძლევა, მას ბევრი აკრიტიკებს არაობიეკტურობის, მასალებზე დამამტკიცებელი ფაქტების ნაკლებობის და გადაჭარბებული თავისუფლების გამო. ბევრ უმაღლეს სასწავლებელში აკრძალულიც კი არის Wikipedia-ს როგორც წყაროდ მითითება, მაგრამ ყველა მის კრიტიკოსს ალბათ დავიწყებული აქვს ემერსონის გამონათქვამი „თავისუფლება სახიფათოა, მაგრამ ეს არის ყველაზე უხიფათო რამ რაც გაგვაჩნია“.

ამ ინტერნეტ გიგანტების მხარდამხარ, მილიარდობით დიდი თუ პატარა საიტი რაც დღეს არსებობს ჯამში ქმნის იმას რასაც ჩვენ სოციალური მედია დავარქვით. ინტერნეტით და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ის გარემო, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას და თავისუფლად მიმოიცვალოს ადამიანების მიერ წარმოებული ინფორმაცია. ჯუნოს დღეს თეორიულად შეუძლია ახალი ამბავი არა მარტო ახლო-მეგობრებს არამედ მთელს დედამიწას გააგებინოს.

ამის ნათელი მაგალითია არაბული სამყაროს მოვლენები, რომელსაც უკვე უწოდეს „სოციალური ქსელების რევოლუცია“ რადგან როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს – „ჩვენ ვიყენებდით Facebook-ს რომ დაგვეგეგმა პროცესები, Twitter-ს რომ კოორდინაცია მოგვეხიდინა და Youtube-ს რომ ეს მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა.“

გარდა რევოლუციებისა კურიოზული ფაქტებიც ხდება, ერთმა ჰოლანდიელმა სოციალურ მედიას საინტერესო გამოყენება მოუძებნა და 2001-2003 წლებში იმოგზაურა დედამიწის გარშემო ყოველგვარი თანხის გარეშე. რამონ სტოპელენბურგმა (Ramon Stoppelenburg) გახსნა ბლოგი სახელად „შემიფარეთ ერთი დღით“ (Letmestayforaday.com) სადაც დედამიწის სხვადასხვა მაცხოვრებლები სთავაზობდნენ მას 1 დღით ბინაში უფასოდ დარჩენას და კვებას, ის კი სანაცვლოდ მოგზაურბის ამბებს უყვებოდა და მათ ამსახველ ფოტომასალებს უზიარებდა. 2 წლის მანძლზე რამონმა მოიარა 20-მდე ქვეყანა და 4000-მდე მოხალისემ გამოთქვა მისი სტურმად მოწვევის სურვილი.

დღეს ძნელია წარმოიდგინო სამყარო ინტერნეტის გარეშე, ინფორმაციის თავისუფლების გარეშე და იფიქრო იმაზე რომ 10 წლის წინ არ არსებობდა Wikipedia, Facebook, Twitter, Youtube.

ვუდი ალენის ერთი პერსონაჟი მეგობარ გოგოს უყვება: – „იცი 3 ათასი წლის წინ ეგვიპტელებიც ესე დადიოდნენ ბაზარში, ჭორაობდნენ, განიხილავდნენ მიმდინარე თემებს, არ მოსწონდათ სკოლები, საუბრობდნენ მეზობლის ახალ სახლზე, განათლების პრობლემაზე, მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი დღეს? არაფერს. ნოლს.“ ვერავინ იტყვის ამ ინფორმაციული ოკეანიდან რა შემორჩება საუკუნეებს, რას ჩათვლიან ღირებულად მომავალი თაობები, მაგრამ ის რომ ადამიანებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა არასოდეს ყოფილა ასეთი თავისუფალი, ასეთი მარტივი და ასეთი მასშტაბური, მხოლოდ იმის მანიშნებელია რომ ჩვენ განსაკუთრებული საუკუნის შვილები ვართ და თუ გლობალიზაცია კაცობრიობის ერთადერთი მომავალია, ინტერნეტი და მისი თანმხლები სოციალური მედია ამ მომავლის მთავარი შემოქმედები იქნებიან.

 

Leave a Reply