ვებ გვერდი მინდა! (და არავითარ შემთხვევაში მჭირდება)

რა არის  ვებ გვერდი?

ვებ-გვერდი არის ინტერნეტში რომელიმე დომეინზე განთავსებული ინფორმაცია, რომელიც ეკუთვნის  კომპანიას ან პიროვნებას.

ვებ–გვერდზე ის ინფორმაცია თავსდება, რომელიც მფლობელს უნდა, რომ მიაწოდს თავის მომხმარებელს.

ვებ–გვერდი არის რეკლამირების ყველაზე იაფი გზა, რეკლამირების ნებისმიერი სხვა გზა მოითხოვს ბევრად მეტ ხარჯებს, ვიდრე საკუთარი ვებ–გვერდი, შეგიძლიათ, მომხმარებელს მიაწოდოთ მრავალი სახის ინფორმაცია, იქნება ეს ტექსტური, აუდიო თუ ვიდეო ინფორმაცია.

რაში მჭირდება ვებგვერდი?

თანამედროვე სამყაროში, როდესაც რამეს ეძებ, არ აქვს მნიშვნელობა, რას, პირველ რიგში, შედიხარ  ინტერნეტში და იწყებ მოკვლევას.  როდესაც იპოვი რომელიმე ვებ–გვერდს, სადაც შენთვის სასურველი ინფორმაცია არის განთავსებული, მიდიხარ კომპანიაში და ყიდულობ ნივთს ან ამ კომპანიის სერვისს.  შესაბამისად, თუ შენ ხარ მწარმოებელი, დაინტერესებული უნდა იყო, რომ გქონდეს ადგილი, სადაც იქნება ინფორმაცია შენი კომპანიის შესახებ, რათა მომხმარებელს შენთან ურთიერთობა გაუადვილდეს.

როგორი უნდა იყოს ვებგვერდი?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვებ–გვერდის ერთადერთი დანიშნულება არის, ინფორმაცია მომხმარებელს   მიაწოდოს და, რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მომხმარებელმა უნდა მიიღოს ადვილად. როდესაც საიტზე შედიხარ, ისე უნდა იყოს ნავიგაცია, გაკეთებული რომ არ დაიკარგოს, საიტი უნდა იყოს მაქსიმალურად სადა და მოსახერხებელი.

ვებ-გვერდის შექმნის პროცესები და ვადები.

როდესაც კომპანია რომელიმე დეველოპერთან ან სტუდიასთან მიდის საიტის გასაკეთებლად, მან არ იცის, როგორი უნდა იყოს მისი ვებ–გვერდი, მას შეუძლია, მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდოს შემსრულებლებს, თუ რა სახის ინფორმაციის განთავსებას აპირებს ვებ–გვერდზე (სხვა რაიმე სახის ჩარევა შექმნის პროცესში გამოიწვევს საიტის დამახინჯებას). ამის შემდეგ, დეველოპერთა ჯგუფმა კონცეფცია უნდა შეიმუშაოს, რათა დიზაინერმა დიზაინის გაკეთება შეძლოს. როდესაც დიზაინი დასრულდება, დამკვეთმა უნდა  ნახოს ნამუშევარი – დიზაინი ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ დამკვეთმა მაქსიმალურად მცირე შესწორებები შეიტანოს, დიზაინის დამტკციების შემდეგ, უნდა მოხდეს ამ დიზაინის დაჭრა (marcup),  ამის შემდეგ იწყება ბოლო ეტაპი – პროგრამირება.

ყველა ვებ-გვერდი უნდა იყოს მართვადი, რათა მფლობელმა შეძლოს ინფორმაციის შესწორება ან დამატება,  ამისათვის საჭიროა საიტის პროგრამულად აწყობა. პროგრამირების დასრულების შემდეგ, უნდა მოხდეს ნამუშევრის კიდევ ერთხელ, დამკვეთთან ერთად, ყველაფრის შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება საიტი დასრულებულად.

კონცეფვიის შედგენა:7-10 დღე

დიზაინი: 14-16 დღე

Markup : 5-7 დღე

პროგრამირება : 20:25 დღე

ეს არის სტანდარტული ვარიანტი. რა თქმა უნდა, დიდი საიტების შემთხვევაში, ყველაფერი ინდივიდუალურად ხდება.

ეს ყველაფერი, ნორმალურ პირობბში, არის ვებგვერდის შექმნისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგრამ ხლა ვნახოთ,რა ხდება საქართველოში.

TIG = This is Georgia!

რა არის ვებ გვერდი?

ვებ–გვერდი არის …  საიტია რაა, ჩემ კონკურენტ ფირმას აქვს და მეც გავაკეთებინე, რა.

საიტზე შეხვალ და დირექტორის ბიოგრაფიასა და მის ფოტოგალერეას ნახულობ. პროდუქციის თუ კომპანიის შესახებ არ არის არანაირი ინფორმაცია, ან თუ არის, 80% არ შეესაბამება სინამდვილეს.

ასეთი არის ქართული ვებ–გვერდების 90%.

რაში მჭირდება ვებგვერდი?

არც არაფერში მჭირდება, ხო გითხარით,  იმას აქვს და მეც გავაკეთებინე-მეთქი!  ადრე რო არ იყო საიტები, ვერ ვმუშაობდით? სად იყო ბილ გეითსი (ბილი ასოცირდება კომპიუტერულ სამყაროსთან  ) მე რო კონიაკი ვლადივოსტოკში გამქონდა.

როგორი უნდა იყოს ვებგვერდი?

ვებ–გვერდი აუცილებლად ანიმირებული უნდა იყოს, რო შეხვლ, ფეიერვერკი უნდა ამოვიდეს და ლოგომ ტრიალი დაიწყოს ან რობოტი უნდა გადმოხტეს და რაღაცების აშენება დაიწყოს  ან უკეათესი, თუ აწარმოებ ღვინოს, როგორი უნდა იყოს შენი საიტი, რა თქმა უნდა, რო შეხვალ, კახელი ფიალით ხელში უნდა გამოვიდეს და სადღეგრძელო თქვას.

ამ ყველაფერზე არ გაგეცინოთ, სატირალი არის, იმიტომ, რომ, აქ რაც დავწერე, სიმართლეა და პირადად გადამხდა.

ვებ-გვერდის შექმნის პროცესები და ვადები.

დამკვეთი: საიტის გაკეთება მინდა.

დეველოპერი: საიტზე რა ინფორმაცია გექნებათ?

დამკვეთი: რავი, რა, აი, საიტი მინდა.

დეველოპერი: გასაგებია, მაგრამ საიტზე რა უნდა განათავსოთ.

ღიპიანი ბიძა (დამკვეთი): რავი, შვილო, საიტი მინდა რა, რო შეხვაალ და აქ იწყება იმ ყველაფრის გადმოლაგება, რაც როგორი უნდა იყოს ვებგვერდი? (საქართველოში) აქ  აგიხსენით.

ახლა, მე ისე გამომივიდა, რომ მარტო დამკვეთები დავადანაშაულე. ეს არ არის მართალი, ძალიან დიდი პრობლემებია შესრულებაშიც, ძალიან ბევრი სტუდია, მათ შორის „პოპულარული“  სტუდიებიც, გადასულები არიან ფულის შოვნაზე და არ აინტერესებთ, რა პროდუქტს ქმნიან, – „ლიჟ–ბი“ ფული გადაიხადოს და რაში მაინტერესებს, როგორი იქნება.

ახლა, ბოლოს რაც ვნახე, ამ პრინციპით შექმნილი საიტები არის საქართველოში, ერთ–ერთი დიდი სუპერმარკეტის ”გუდვილის” საიტი http://goodwill.ge . ახლა მითხარით, რამდენს გაინტერესებთ გუდვილის ისტორია ?  ან ქეითრეინგი, მე, პირადად, ერთადერთი, რაც მაინტერესებს, არის პროდუქცია. ამ საიტზე ყველა იმ პროდუქტის დასახელება და ფასები უნდა იყოს, რათა ავარჩიო, თუ რამე მინდა და შემდეგ, წავიდე საყიდლად. ამ საიტის ერთადერთი დანიშნულება არის ეს (ნორმალურ პირობებში), ხოლო დღევანდელი საიტი არის იმიტომ, რომ საიტი ქონდეთ და მას არანაირი დანიშნულება არ გააჩნია!

ხო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა, კიდევ ერთი, ძალიან დიდი უკიდურესობა  Mymarket.ge -ზე განთავსებული განცხადებები:

დაგიმზადებთ საიტებს მინიმალურ ფასში.
პერსონალური საიტი – 50 ლარი.
მართვადი საიტი – 300 ლარი.
მაღალი ხარისხი – დაბალი ფასები!!

სრული ინფორმაციისათვის მოგვწერეთ
E-mail: ————
Skype: ————–

—————————————

სასწრაფოდ იყიდება ვარეზის საიტი http://www.psnews.do.am 2 ლარად. შესაძლებელია ვებ-მასტერების საიტად გადაკეთებაც, რადგან ეს დომენი ორივეზე წავა. skype: ––––––––

—————————————

პ.ს. მოკლედ, ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია ევროპამდე

Leave a Reply